თეგი: თბილისის სააპელაციო სასამართლო

მიხეილ ჩინჩალაძე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ, მეორე ვადით აირჩიეს

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე 5 წლის ვადით კვლავ მიხეილ ჩინჩალაძე აირჩია. საბჭოს ჩინჩალაძის გარდა ამ თანამდებობაზე სხვა კანდიდატურა არ განუხილავს. ის ამ თანამდებობაზე უკვე მეორე ვადით აირჩიეს. მიხეილ ჩინჩალაძის დანიშვნას წინააღმდეგობას უწევდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მოუწოდებდნენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მისი კანდიდატურა არ დაემტკიცებინა. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ჩინჩალაძე ერთ-ერთია სასამართლო სისტემაში მყოფ გავლენიან პირებს შორის, რომელთაც კლანად მოიხსენიებენ.  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას ესწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი. მისი თქმით, მოსამართლეების უმრავლესობამ ჩინჩალაძის კანდიდატურის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა და განსხვავებული აზრი დარბაზში არ გაჟღერებულა.  

თბილისის სააპელაციო სასამართლო ნიკა გვარამიას, ზურაბ იაშვილისა და კახაბერ დამენიას საქმესთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის სააპელაციო სასამართლო ნიკა გვარამიას, ზურაბ იაშვილისა და კახაბერ დამენიას საქმესთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა სასამართლოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „2022 წლის 02 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასრულდა სისხლის სამართლის საქმე ნ. გ-ს, კ. დ-სა და ზ. ი-ს მიმართ. კ. დ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის კახაბერ წერეთელისა და მსჯავრდებულ ნ. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ქეთევან ჩომახაშვილის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორების ვლადიმირ ვექილიანისა და ზვიად გუბელაძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: ზ. ი. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. კ. დ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება – ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლზე და სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მესამე ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ნაწილში ნ. გ. გამართლდა. ნ. გ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება – ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლზე და იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის სექტემბერ – დეკემბრის პერიოდში ნ. გ-მ და კ. დ-მ ჩაიდინეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ე.ი. საწარმოში (ან სხვა ორგანიზაციაში) ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი და სხვა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენება, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის და უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ვინაიდან როგორც ნ. გ., ასევე კ. დ. წარმოადგენენ ორგანიზაციის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირებს, რომლებმაც საკუთარი კომპანიის ინტერესის საწინააღმდეგოდ, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, სხვა კომპანიას მიანიჭეს უპირატესობა, ამ უკანასკნელმა მიიღო მნიშვნელოვნად გაზრდილი შემოსავლები, ხოლო კომპანია „რუსთავი 2“-მა – 6 763 509 (ექვსი მილიონ შვიდასსამოცდასამიათას ხუთასცხრა) ლარის ოდენობით ზიანი. აღნიშნულ ეპიზოდში სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო ნ. გ-ს როლი, მისი ფაქტობრივი მონაწილეობის ხასიათი და ხარისხი, ამ მონაწილეობის მნიშვნელობა დანაშაულის მიზნის მისაღწევად, მისი გავლენა გამოწვეული ზიანის ხასიათსა და ხარისხზე და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით. შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით ნ.გ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი“, – აღნიშნულია განცხადებაში. „მთავარი არხის“ დამფუძნებლი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და პატიმრობაში დატოვა. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა. გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ დღეს მიიღო. საქართველოს პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი 2019 წლის ზაფხულში წარუდგინა. საქმე ეხება, იმ პერიოდს, როცა ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო. პროკურატურა მას ბრალად სდებს „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“. ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა, 16 მაისს შეუფარდა.  

დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების და ფულის გათეთრების ფაქტზე სააპელაციო სასამართლომ სამ პირს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი და დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების და ფულის გათეთრების ფაქტზე სამი პირი დამნაშავედ ცნო. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დააფუძნეს შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბი“ და შპს „ფორექს ინვესტი“ და საქმიანობის სფეროდ, საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე „FOREX“ და ფინანსური აქტივებით ვაჭრობა განსაზღვრეს. „ბრალდებულებმა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და მარნეულში გახსნეს შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბის“ ფილიალები, რომელთა ხელმძღვანელები დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მითითებით ხვდებოდნენ და არწმუნებდნენ მოქალაქეებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობით შეეძლოთ მოგების მიღება და ნებისმიერ დროს თავის ბალანსზე არსებული მოგებული თანხის განაღდება. ბრალდებულები ატყუებდნენ, რომ კომპანია წარმოადგენდა შუამავალ რგოლს და მათ წინაშე ანგარიშვალდებულნი იქნებოდნენ უცხოელი პარტნიორები - შვეიცარული ბანკი და ბრიტანული კომპანია. მოქალაქეთა მიერ კომპანიების საბანკო ანგარიშებზე შეტანილი ფულადი თანხები გადაირიცხებოდა ზემოაღნიშნული უცხოური კომპანიების ანგარიშებზე და ტრეიდერის ნებართვის გარეშე, თანხებთან წვდომა არავის ექნებოდა. რეალურად კი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ხსენებულ საერთაშორისო კომპანიებთან რაიმე სახის ურთიერთობა არ გააჩნდათ, შესაბამისად, მოქალაქეთა წინაშე ანგარიშვალდებულება ხსენებულ კომპანიებს არ ეკისრებოდა და მათ მიერ შეტანილი ფულადი თანხის განკარგვა სრულად ხდებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ. 2018 წლის სექტემბერში კი პლატფორმა, სადაც დაზარალებულები ახორციელებდნენ ვაჭრობას და შესაბამისად ასახული იყო მათი ვაჭრობის ისტორია, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სრულად გააუქმეს. საქმიანობის წარმოების პროცესში, კერძოდ, 2014-2018 წლებში 3000-მდე მოქალაქის მიერ სავაჭროდ შეტანილმა თანხამ 27 533 986 ლარი შეადგინა, საიდანაც 12 730 434 ლარს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიღებული უკანონო ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემისა და მისი წარმოშობის დაფარვის მიზნით, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ფულადი თანხები სესხისა და საწესდებო კაპიტალში შენატანის სახით გადარიცხეს მათთან დაახლოებული პირების მიერ მათივე მითითების შესაბამისად დარეგისტრირებულ სხვადასხვა კომპანიების ანგარიშებზე, საიდანაც დივიდენდების და ხელფასების სახით მიიღეს 3 545 143 ლარის, 442 909,74 აშშ დოლარის და 27 370 ევროს შემოსავალი. თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულები დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის 180-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლება) და 194-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და III ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და თითოეულ მათგანს სასჯელის სახედ 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.